გამოცემა The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია ირანის რეჟიმისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ისრაელს ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას აწვდის.
ცერემონიას, მათ შორის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი, ჰე ვეი, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებებისა და თალიბანის წარმომადგენლები და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ახლანდელი მეთაური, აჰმად ვაჰიდი დაესწრნენ.
ვაჰიდი წარსულში ელიტარული ყუდსის დანაყოფის მეთაური იყო, ხოლო ახლანდელი თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი წინამორბედი, მოჰამად პაკპური აიათოლა ალი ხამენეისთან ერთად 28 თებერვალს აშშ-ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა.
The Telegraph აღნიშნავს, რომ IRGC-ის მეთაური ბოლოს საჯაროდ 8 თებერვალს გამოჩნდა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხამენეის მოკვლიდან დაახლოებით 4 თვე არის გასული და ამ ხნის განმავლობაში ირანის რეჟიმის წარმომადგენლები საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდნენ.
დაზვერვის სფეროს ექსპერტმა, რონენ სოლომონმა გამოცემას უთხრა, რომ ცერემონია ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის შეგროვების კარგ საშუალებას წარმოადგენს, რადგან მაღალჩინოსნები, რომლებიც მას ესწრებიან, "კვალს დატოვებენ". მანვე დაამატა, რომ დაკრძალვა ისრაელს სამიზნეების სიის გაფართოების საშუალებას მისცემს.
სოლომონმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი განსაკუთრებულ ყურადღებას მოჯთაბა ხამენეის დაუთმობს, რადგან ის მამამისის სიკვდილის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და კვლავ უცნობია, "თუ რამდენად აქვს მას ქმედუნარიანობა დაკარგული".
გარდა ამისა, ანონიმურმა წყარომ The Telegraph-ს უთხრა, რომ ცერემონია საფრთხეს არა მხოლოდ ირანის რეჟიმისთვის, არამედ ტერორისტული დაჯგუფებებისთვისაც შეიცავს.
"ისრაელმა ნათელყო, რომ ტერორისტებისთვის სამალავი ადგილი არ არსებობს, ჯერ კიდევ მიუნხენის ოლიმპიადის დროს, როდესაც მოსადმა შავი სექტემბრის რამდენიმე ლიდერს მიაგნო".
წყარომ ასევე გაიხსენა, რომ ჰამასის ყოფილი პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე 2024 წელს ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე მოკლეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, წყაროს შენიშვნას სოლომონიც დაეთანხმა და თქვა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წარმომადგენლებს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრება მოუწიათ.
"ირანელებისა და მათი რვაფეხის საცეცების პარადოქსი ისაა, რომ იძულებულები არიან, ამ ღონისძიებას თავიანთი სულიერი-რელიგიური იდეოლოგიის გამო დაესწრონ და ამით განმავლობაში თავიდან არიდების შემდგომ საკუთარ თავს ამჟღავნებენ და დაუცველად ტოვებენ. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ნახევრად დაესწრება ცრუ იდენტობით". - თქვა სოლომონმა გამოცემასთან საუბრისას.
ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 3 ივლისს ირანის დედაქალაქში დაიწყო და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.
3 ივლისს, ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, იგი სამძიმარზე მისვლამდე ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, მან "შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას".
იმავე დღეს თეირანში დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევიც ჩავიდა.
ცერემონიაზე ირანმა ასევე თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც მიიწვია.
30 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების "პატივი" არ ერგებათ, რადგან ომის დროს ისინი "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".
დღეს, 4 ივლისს, შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ირანის რეჟიმზე საუბრისას თქვა, რომ "ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმა [და ყველა მათგანის განადგურება შეგვიძლია], მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, რადგან აღარავინ დარჩება, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შეგვეძლება."




