საქართველოში ირანის აიათოლების რეჟიმის მიერ კონტროლირებულმა სასულიერო პირებმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ გლოვა დაიწყეს და ხამენეი "წამებულად" მოიხსენიეს.
მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ირანის აიათოლა ალი ხამენეის "მოწამებრივად აღსრულებასთან" დაკავშირებით ყურანის კითხვა, ლოცვა და ქადაგება გაიმართა.
იმამ ალის მეჩეთის Facebook ანგარიშის მიხედვით, შეკრებაში მარნეულიდან და მეზობელი რეგიონებიდან მონაწილეობა "მრავალმა მართლმორწმუნემაც" მიიღო.
ამასთან, ქადაგების წარმომთქმელებს შორის იყო იმამ ალის მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევიც, რომელმაც გასულ თვეში აშშ-ს "რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი" უწოდა, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალ ხამენეის სოლიდარობა გამოუცხადა და მსმენელებს მოუწოდა, "მუჯთაჰიდს" ფიზიკურად დასდგომოდნენ გვერდში, რაშიც მან, დიდი ალბათობით, აიათოლა ალი ხამენეი იგულისხმა.
ამავდროულად, აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ახუნდმა, რახიდ ქერიმოვმა ხამენეის "მოწამეობა დალოცა," აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი მსოფლიოში "ყველაზე უარესი" და "ამორალური" ადამიანი უწოდა.





