აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ფეჰლევი: ხამენეის სიკვდილთან ერთად ისლამური რესპუბლიკა დასასრულს მიუახლოვდა

რეზა ფეჰლევი
PATRICK T. FALLON/AFP via Getty Images

ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე და ოპოზიციური ფიგურა, პრინცი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილთან ერთად "ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად საკუთარ დასასრულს მიუახლოვდა" და ირანელ ხალხს მოუწოდებს, რომ "დარჩნენ ფხიზლად" და "იყონ მზად", რათა "საბოლოო გამარჯვებამდე" მივიდნენ. 

ფეჰლევიმ ასევე აღნიშნა, რომ რეჟიმის ნარჩენების მხრიდან მისი შენარჩუნებისა და ხამენეის მემკვიდრის დანიშნვნის მცდელობები მარცხისთვის არის განწირული და ირანის რეჟიმის ძალებს მოუწოდა, რომ ხალხის მხარეს გადავიდნენ.

ამის შესახებ ფეჰლევიმ X-ზე დაწერა.


ჩემო თანამემამულეებო,

ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათი ათასობით უმამაცესი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიის ფურცლებიდან წაიშალა. მის სიკვდილთან ერთად ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად  საკუთარ დასასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელს მიებარება. 

რეჟიმის ნარჩენების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, რომ ხამენეის მემკვიდრე დანიშნოს, დასაწყისიდანვე განწირულია მარცხისთვის. ნებისმიერს, ვისაც მის ადგილას დანიშნავენ, არ ექნება არც ლეგიტიმაცია და არც ხანგრძლივობა და უეჭველად ასევე იქნება ამ რეჟიმის დანაშაულებში თანამონაწილე. 

შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების ძალებს: ჩამოქცევის პირას მყოფი რეჟიმის შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა ჩაფლავდება. ეს არის თქვენი უკანასკნელი შესაძლებლობა, რომ ერს შეუერთდეთ, დაეხმაროთ ირანის თავისუფალი და კეთილდღეობით სავსე მომავლამდე სტაბილური ტრანზიციის უზრუნველყოფას და ამ მომავლის შენებაში მონაწილეობა მიიღოთ.

კრიმინალ ხამენეის სიკვდილი, მართალია, დაღვრილი სისხლისთვის შურს ვერ იძიებს, თუმცა შესაძლოა მალამო იყოს მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილებისა და ირანის ლომისა და მზის რევოლუციაში დაღუპულთა ოჯახების დაკოდილი გულებისთვის. 

ღირსეულო და მამაცო ირანელო ხალხო, 

შეიძლება, ეს იყოს ჩვენი დიდი ეროვნული ზეიმის დასაწყისი, თუმცა არ არის გზის დასასრული. დარჩით ფხიზლად და იყავით მზად. ქუჩებში ფართოდ და მტკიცედ ყოფნის დრო ძალიან ახლოსაა. ერთად, ერთიანად და ურყევად ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მოვიყვანთ და ჩვენი საყვარელი სამშობლოს გარშემო ირანის თავისუფლებას ვიზეიმებთ. 

დღეგრძელობა ირანს,
რეზა ფეჰლევი

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული. 

მანამდე, ტრამპმა NBC News-ს უთხრა, რომ, მისი აზრით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს შეესაბამება. 

გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ინფორმაციით, აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია.

პარალელურად, ისრაელური მედიებიც, მათ შორის, Times of Israel, Jerusalem Post და ისრაელის მე-12 არხი ასევე იტყობინებიან ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომ ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული.

როგორც Jerusalem Post წერს, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა შეიტყვეს, რომ ხამენეის ცხედარი თეირანში ისრაელის იერიშის შემდეგ შენობის ნანგრევებში იპოვეს. მე-12 არხის თანახმად, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხამენეის ცხედრის ამსახველი კადრები წარედგინა. 

კომენტარები