რუსული რეჟიმი

ლაშა ჩხარტიშვილს Facebook პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ლაშა ჩხარტიშვილი

ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, Facebook პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო ივანიშვილის სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

საქმე ეხება ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქეების შესახებ. სტატიის სათაური იყო მოსამართლის სიტყვები "აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?". ჩხრტიშვილმა კი კომენტარებში დაწერა "აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?" ამ კომენტარის გამო ჩხარტიშვილს მოსამართლე დავით მაკარაძის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.

თავად პოლიტიკოსი თვლის, რომ მისი დაკავების მიზეზი 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე, რუსთაველის გამზირზე მის მიერ მოწყობილი პერფორმანსია.

"რეალურად მე გამასამართლა პირადად ბიძინა ივანიშვილმა, მის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელსაც 2013 წლიდანვე ვაწარმოებ! ბოლო წვეთი კი მისთვის სადაბადებისდღეოდ ჩემ მიერ მირთმეული "შავი მიწის ტორტი" აღმოჩნდა! ზოგადადაც, ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განსაკუთრებით გააფთრებულ ხასიათს ატარებს! ერთ-ერთ პირველს "აღმიძრეს" სისხლის სამართლის საქმე ტროტუარზე განმეორებით დგომისთვის, დამაპატიმრეს დედის ორმოცზე და საფლავზე არ გამიშვეს, 300 000 ლარამდე თანხის პოლიტჯარიმა დამაკისრეს ქუჩაში აქციებზე დგომისთვის და სხვა მრავალი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლომდე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ბიძინა რუსის რეჟიმის დასრულებისა და საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაციის წინააღმდეგ, რათა გადარჩეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ის უქართველოდ და სრულად გაყიდულ-განადგურებული არ აღმოჩნდეს! სხვა გზა და სხვა უფლება არ გვაქვს, რადგან სხვა საქართველო არ არსებობს!" - დაწერა დაკავებამდე ჩხარტიშვილმა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები