საქართველო-რუსეთი

ოლისოვი: რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის ზრდა ორმხრივი ურთიერთობების ლაკმუსის ქაღალდია

თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მაჩვენებლების ზრდა ორმხრივი ურთიერთობების "ლაკმუსის ქაღალდია". ამის შესახებ მან ისაუბრა ინტერვიუში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"აბსოლუტურად კანონზომიერია, რომ ურთიერთვაჭრობა აჩვენებს დადებით დინამიკას წლიდან წლამდე, რადგან რუსეთი და საქართველო არიან მეზობლები ჩამოყალიბებული და მდგრადი საქმიანი კავშირებით. ჩვენი პროდუქცია საქართველოში ტრადიციული მოთხოვნით სარგებლობს, ქართული საქონელი კი კარგადაა ცნობილი და საყვარელი რუსეთის მომხმარებლისთვის. ორივე ქვეყანა ჭეშმარიტი პარტნიორია. მსურს ვიმედოვნო, რომ სწორედ ეს "ჭეშმარიტება" გახდება დღესდღეობით ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი პრობლემების უსწრაფესად დაძლევის გამოსავალი. რაღაც მხრივ, ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლები არის ორმხრივი ურთიერთობების "ლაკმუსის ქაღალდი". ხანდახან ცვლადი პოლიტიკური "ამინდის" მიუხედავად, რუსი და ქართველი ერი აგრძელებს ერთმანეთთან სტუმრობას და მიისწრაფვიან თანამშრომლობისკენ." - თქვა ოლისოვმა.

ოლისოვის თქმით, პროდუქტი, რომელიც საქართველოს რუსეთიდან მიეწოდება, პირველ რიგში, ენერგეტიკული საქონელია, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ჩათვლით. 

ამას გარდა, რუსეთის წარმომადგენლის თქმით, გასულ წელს საქართველოში რუსი ტურისტების რეკორდული რაოდენობა - 1.6 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა, რაც, მისივე თქმით, ტურისტთა მთლიანი ნაკადის 23%-ს შეადგენდა.

"სახელმწიფოთაშორისი დიალოგის არარსებობა კვლავ რჩება ხელშესახებ ბარიერად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის." - თქვა ოლისოვმა.

ოლისოვის მტკიცებით, საქართველოში "რუსული კულტურის ინტერესი არ დაუკარგავთ" და ამ ინტერესის გაღვივებას ახალ თაობაშიც ცდილობენ.

"ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული კულტურის - მთელი მისი მრავალფეროვნებით - მიმართ ინტერესი არ დაკარგულა. პირველ რიგში საუბარია უფროს თაობაზე, რომელიც გაიზარდა რუსულ კლასიკაზე, მშვენივრად ესმის ის და ფლობს რუსულ ენას. ამავდროულად ვცდილობთ მთელ მსოფლიოში პოპულარული რუსული კულტურისა და ხელოვნების მიმართ სიყვარული გავაღვივოთ ახალგაზრდა თაობაშიც." - თქვა რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოში.

ოლისოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სექციამ კულტურული ღონისძიებები ჩაატარა გრიბოედოვის თეატრში, სახელმწიფო კონსერვატორიასა და კინოთეატრ ამირანში.

ამას გარდა, ოლისოვმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველი აბიტურიენტების სწავლის შესაძლებლობებსა და დაფინანსების პროგრამაზე. მისი მტკიცებით, რუსული განათლების "მიმზიდველობა ბუნებრივია", რადგან "რუსეთს გააჩნია უმდიდრესი მემკვიდრეობა მეცნიერების ყველაზე განსხვავებულ დარგებში".

 

კომენტარები