გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილმა მინისტრმა პიტერ მანდელსონმა პრემიერმინისტრი კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია დატოვა, მას შემდეგ რაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან გაირკვა, რომ მას სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან კავშირები ჰქონდა.
მანდელსონმა აღნიშნა, რომ არ სურდა ლეიბორისტული პარტიისთვის დამატებითი უხერხულობა შეექმნა.
"ამ შაბათ-კვირას მე კიდევ ერთხელ დამაკავშირეს ჯეფრი ეპსტინის გარშემო არსებულ, გასაგებ აჟიოტაჟთან და ამის გამო ვგრძნობ სინანულსა და წუხილს." - აღნიშნა მანდელსონმა ლეიბორისტული პარტიისადმი მიწერილ წერილში.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი მინისტრი გავრცელებულ ცნობებს მცდარ ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ საკითხს გამოიძიებს.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა 31 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრინცმა ენდრიუმ, ეპსტინთან მისი კავშირების შესახებ ახალი ცნობების შემდეგ, პიტერ მანდელსონის მსგავსად, აშშ-ს კონგრესის კომიტეტის წინაშე ჩვენება უნდა მისცეს.
ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.
30 იანვარს აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს კანონმდებლობის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეგმურად ფაილების გამოქვეყნების დასასრულს. ბლანშის თქმით, გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 000 სურათს.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაილების გასაჯაროების შეფერხებას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკა მოჰყვა.
თავად ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ეპსტინი ერთ დროს მისი მეგობარი იყო, თუმცა, მისი განმარტებით, თითქმის ორი ათწლეულის წინ ეპსტინთან დაპირისპირება მოუვიდა, ხოლო 2008 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის ეპსტინის გასამართლების შემდეგ ტრამპმა მისგან თავის შორს დაჭერა დაიწყო.
ამ ფონზე ნოემბერში კონგრესმა ორპარტიული გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტს ფაილების სრულად გამოქვეყნება უბრძანა და ამისთვის იუსტიციის მინისტრს, პემ ბონდის, 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა კონგრესმა დეპარტამენტს ნება დართო, არ გამოექვეყნებინა ისეთი ფაილები, რომელთა გასაჯაროებაც მიმდინარე ფედერალურ გამოძიებას ხელს შეუშლიდა ან ეროვნული უსაფრთხოების მხრივ რისკს შექმნიდა. ტრამპის ხელმოწერით კანონპროექტი ძალაში 19 ნოემბერს შევიდა, ხოლო დეპარტამენტისადმი მიცემული ვადა 19 დეკემბერს ამოიწურა.
Financial Times-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ბლანშმა 19 დეკემბერს კონგრესმენებისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ მასალების გადამოწმებაში 200-ზე მეტი იურისტი იყო ჩართული. მისი თქმით, დეპარტამენტმა "1 200-ზე მეტი" პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც ან მსხვერპლთა შორის არიან, ან მათი ნათესავები არიან და შესაბამისად მათი სახელების რედაქტირება იქნებოდა საჭირო.





