30 იანვარს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებული ჯეფრი ეპსტინის საქმის მასალებთან დაკავშირებული მილიონობით დოკუმენტის ახალი და საბოლოო ფაილები გამოაქვეყნა, რასაც საფუძვლად დაედო ნოემბერში მიღებული კანონი, რომელმაც ეპსტინთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერის გასაჯაროების ვალდებულება შექმნა.
ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.
აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს კანონმდებლობის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეგმურად ფაილების გამოქვეყნების დასასრულს. ბლანშის თქმით, გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 000 სურათს.
კანონი საშუალებას იძლევა, მოხდეს გარკვეული სახის ინფორმაციის დაფარვა, მათ შორის, ისეთი დეტალები, რომლებიც მსხვერპლთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა ან მასალები, რომლებიც მიმდინარე გამოძიებასთან არის კავშირში.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაილების გასაჯაროების შეფერხებას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკა მოჰყვა.
თავად ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ეპსტინი ერთ დროს მისი მეგობარი იყო, თუმცა, მისი განმარტებით, თითქმის ორი ათწლეულის წინ ეპსტინთან დაპირისპირება მოუვიდა, ხოლო 2008 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის ეპსტინის გასამართლების შემდეგ ტრამპმა მისგან თავის შორს დაჭერა დაიწყო.
ამ ფონზე ნოემბერში კონგრესმა ორპარტიული გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტს ფაილების სრულად გამოქვეყნება უბრძანა და ამისთვის იუსტიციის მინისტრს, პემ ბონდის, 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა კონგრესმა დეპარტამენტს ნება დართო, არ გამოექვეყნებინა ისეთი ფაილები, რომელთა გასაჯაროებაც მიმდინარე ფედერალურ გამოძიებას ხელს შეუშლიდა ან ეროვნული უსაფრთხოების მხრივ რისკს შექმნიდა. ტრამპის ხელმოწერით კანონპროექტი ძალაში 19 ნოემბერს შევიდა, ხოლო დეპარტამენტისადმი მიცემული ვადა 19 დეკემბერს ამოიწურა.
Financial Times-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ბლანშმა 19 დეკემბერს კონგრესმენებისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ მასალების გადამოწმებაში 200-ზე მეტი იურისტი იყო ჩართული. მისი თქმით, დეპარტამენტმა "1 200-ზე მეტი" პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც ან მსხვერპლთა შორის არიან, ან მათი ნათესავები არიან და შესაბამისად მათი სახელების რედაქტირება იქნებოდა საჭირო.





