ეპსტინის საქმის მასალები

სლოვაკეთის პრემიერის მრჩეველი ეპსტინთან მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ გადადგა

სლოვაკი დიპლომატი, მიროსლავ ლაიჩაკი და ჯეფრი ეპსტინი
House Oversight Committee Democrats/Handout via Reuters

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მიროსლავ ლაიჩაკი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ჯეფრი ეპსტინთან მიმოწერა ჰქონდა. 

ფიცომ გადადგომის შესახებ ლაიჩაკის მხრიდან განცხადება 31 იანვარს მიიღო. მანამდე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ეპსტინის საქმის მასალებთან დაკავშირებული მილიონობით დოკუმენტის ახალი და საბოლოო ფაილები გამოაქვეყნა, რასაც საფუძვლად დაედო ნოემბერში მიღებული კანონი, რომელმაც ეპსტინთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერის გასაჯაროების ვალდებულება შექმნა.

ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ფიცომ ლაიჩაკს "დიდებული დიპლომატი" უწოდა და აღნიშნა, რომ სლოვაკია "დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში გამოცდილების შესანიშნავ წყაროს" კარგავს. ლაიჩაკი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2009-2010 და 2012-2020 წლებში იკავებდა. 

ახლად გავრცელებულ მასალებს შორის იყო ეპსტინსა და ლაიჩაკს შორის არაფორმალური ხასიათის პირადი მიმოწერა, რომელშიც ასევე განხილული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ლაიჩაკის შეხვედრებიც. 

მასალების გასაჯაროების შემდეგ ლაიჩაკმა უარყო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ ეპსტინთან მიმოწერა არაფორმალური და მსუბუქი ხასიათის იყო, თუმცა, სლოვაკური მედიის ცნობით, საბოლოოდ მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, რათა ფიცოსთვის უარყოფითი პოლიტიკური შედეგები აერიდებინა. 

"არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაულებრივი ან არაეთიკური ჩავიდინე, არამედ იმიტომ, რომ მას [ფიცოს] პოლიტიკური საფასურის გადახდა არ მოუწიოს რაღაცისთვის, რაც მის გადაწყვეტილებებთან კავშირში არ არის." - თქვა ლაიჩაკმა. 

30 იანვარს აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს კანონმდებლობის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეგმურად ფაილების გამოქვეყნების დასასრულს. ბლანშის თქმით, გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 000 სურათს.


ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაილების გასაჯაროების შეფერხებას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკა მოჰყვა.

თავად ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ეპსტინი ერთ დროს მისი მეგობარი იყო, თუმცა, მისი განმარტებით, თითქმის ორი ათწლეულის წინ ეპსტინთან დაპირისპირება მოუვიდა, ხოლო 2008 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის ეპსტინის გასამართლების შემდეგ ტრამპმა მისგან თავის შორს დაჭერა დაიწყო.

ამ ფონზე ნოემბერში კონგრესმა ორპარტიული გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტს ფაილების სრულად გამოქვეყნება უბრძანა და ამისთვის იუსტიციის მინისტრს, პემ ბონდის, 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა კონგრესმა დეპარტამენტს ნება დართო, არ გამოექვეყნებინა ისეთი ფაილები, რომელთა გასაჯაროებაც მიმდინარე ფედერალურ გამოძიებას ხელს შეუშლიდა ან ეროვნული უსაფრთხოების მხრივ რისკს შექმნიდა. ტრამპის ხელმოწერით კანონპროექტი ძალაში 19 ნოემბერს შევიდა, ხოლო დეპარტამენტისადმი მიცემული ვადა 19 დეკემბერს ამოიწურა. 

Financial Times-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ბლანშმა 19 დეკემბერს კონგრესმენებისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ მასალების გადამოწმებაში 200-ზე მეტი იურისტი იყო ჩართული. მისი თქმით, დეპარტამენტმა "1 200-ზე მეტი" პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც ან მსხვერპლთა შორის არიან, ან მათი ნათესავები არიან და შესაბამისად მათი სახელების რედაქტირება იქნებოდა საჭირო.

კომენტარები