ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. გორდულაძე ამბობს, რომ ცვლილებები ინდივიდუალურ მეწარმეებს არ შეეხებათ.
"მეწარმე იურიდიულმა პირმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა კი პარტიებმა უნდა აკეთონ. თუ კონკრეტული იურიდიული პირი, მეწარმე იურიდიული სუბიექტი პოლიტიკაში ჩაერთვება, ანუ მისი აქტივობა საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ იქნება მიმართული და ეს მის საქმიანობასთან არ იქნება კავშირში, ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ინდივიდუალურ მეწარმეებს კი წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხებათ". - თქვა გორდულაძემ.
მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით რეჟიმს ცვლილებები შეაქვს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40 000 ლარის ოდენობით". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ.





