ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

რეჟიმი პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს. 

28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები - გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. 

"ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის  გათვალისწინებით შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად" - განაცხადა კირცხალიამ ბრიფინგზე. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცვლილება შედის გრანტების შესახებ საქართველოს კანონში: 

"ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისადმი ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო  პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ.

აგრეთვე ხმარდება ან შეძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს, ასეთი გრანტის მღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე აქტივობას, განისაზღვრება რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს, ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ანდა სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს თანხა გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით". - განაცხადა კირცხალიამ. 

რეჟიმი ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს

"კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე". - განაცხადა კირცხალიამ. 

რეჟიმს ასევე ცვლილებები შეაქვს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში

კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის და დაუშვებლობის საფუძვლები. 

"კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ჩანაცვლდება ტერმინით - გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას. კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა" - განაცხადა ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ცვლილებები შედის ასევე მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც 

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40 000 ლარის ოდენობით". - განაცხადა კირცხალიამ. 

კომენტარები