ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

კალაძე: თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგება მოუწევს, მე პასუხს ჩემს თავზე ვაგებ

ივანიშვილის თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე". განცხადება კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში მიმდინარე გამოძიებას შეეხებოდა. 

პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ კითხვაზე, არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, უპასუხა, რომ "დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება".

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან ერთად, ბრალი წარედგინა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, "საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა". 

პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები