ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

კალაძე კორუფციულ სქემაზე: რომ ვყოფილიყავი საქმის კურსში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა

ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძის საქმეზე საუბრისას თქვა, რომ კორუფციული სქემის შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა.

"თქვენ იყავით თუ არა საქმის კურსში, რომ კახა გვანცელაძე იყო ჩართული თაღლითურ სქემებში?".- ჰკითხა კალაძეს ჟურნალისტმა.

"არ ვყოფილვარ [საქმის კურსში]. რომ ვყოფილიყავი ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

[...] ძალიან ბევრი თანამშრომელი არის ჩემ მიერ დანიშნული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ... მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია".- უპასუხა კალაძემ.

პროკურატურის ცნობით, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები