რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა – კრემლის განცხადებით, გამოიყენეს "ორეშნიკი"

Valentyn Ogirenko/Reuters

9 იანვარს, ღამის საათებში, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც ქვეყნის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ბალისტიკური რაკეტით ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.

იერიშის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმართულებით "ორეშნიკის" საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. კრემლის მიხედვით, ეს იერიში პასუხი იყო "კიევის რეჟიმის მხრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციის წინააღმდეგ მიტანილ ტერორისტულ თავდასხმაზე."

ცნობისთვის, უკრაინული მხარე პუტინზე ან მის რეზიდენციაზე იერიშის მიტანას უარყოფს, ხოლო გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაადგინა, რომ უკრაინას პუტინზე დრონებით იერიში არ მიუტანია. ამასთან, პუტინზე იერიშის მიტანის შესახებ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების არ სჯერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და NATO-ს საზღვრების სიახლოვეს მსგავსი იერიში "სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებისთვის". სიბიჰას თქმით, უკრაინა რუსეთის "უპასუხისმგებლო ქმედებებზე" ძლიერ პასუხს მოითხოვს. 

ამას გარდა, უკრაინული მხარის ცნობით, 8-9 იანვრის ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 278 საჰაერო იარაღი გამოიყენა, მათ შორის, 36 რაკეტა და 242 სხვადასხვა სახის დრონი.

უკრაინის საჰაერო ძალების მიხედვით, რუსეთმა იერიშის ფარგლებში "ისკანდერის" ტიპის რვა ბალისტიკური რაკეტა და ასევე "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. 

კომენტარები