რუსულ ტელეგრამ არხებსა და სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, 6 იანვრის ღამეს უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმები მოხდა პენზის ოლქში, ლიპეცკის ოლქის ქალაქ უსმანში, ლენინგრადის ოლქში, ასევე სტერლიტამაკსა და ტვერში.
გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივი დროით ღამის 2 საათის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმოდა პენზაში. ხოლო კიევის დროით დაახლოებით ღამის 3 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია უსმანში, ლიპეცკის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
ტელეგრამზე გავრცელდა, სავარაუდოდ, უსმანის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეოც:
პარალელურად, ტვერში რეგიონულმა ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ თავდასხმის დროს დრონის ნამსხვრევი ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა და ხანძარი გაჩნდა.
თუმცა მოგვიანებით, ტვერის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კოროლიოვმა განაცხადა, რომ ბინაში გაჩენილი ხანძრისა და ადამიანის გარდაცვალების მიზეზი დრონის ნამსხვრევი არ ყოფილა და ინციდენტი გაზის მილის აფეთქებამ გამოიწვია.





