ჯეფრი ეპსტინის საქმე

ნაპოვნია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, ეპსტინის საქმეს უკავშირდებოდეს

Mandel Ngan/AFP via Getty Images

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯეფრი ეპსტინის საქმესთან იყოს დაკავშირებული.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეპსტინთან პოტენციურად დაკავშირებული მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი FBI-მ და მანჰეტენის პროკურატურამ აღმოაჩინა. უწყებას არ დაუკონკრეტებია, როდის ან როგორ მიაგნეს ამ დოკუმენტებს.

"ჩვენი იურისტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა შეისწავლონ მასალები და მსხვერპლთა დასაცავად კანონით სავალდებულო რედაქტირება შეძლონ. დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ," განაცხადა დეპარტამენტმა.

"მასალების დიდი მოცულობის გამო ამ პროცესს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს,"- ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

აქამდე უკვე გასაჯაროვდა სასამართლოს მასალები, რომლებიც ჯეფრი ეპსტინის საქმეს ეხება.40 დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მიერ გასაჯაროვდა, ძირითადად შეიცავდა უკვე ცნობილ ინფორმაციას, რაც გასულ წლებში ეპსტინის სკანდალთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმებიდან, გაზეთების სტატიებიდან, ინტერვიუებიდან და სხვა სამართლებრივი საქმეებიდან ირკვეოდა.

კომენტარები