ჯეფრი ეპსტინის საქმე

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ეპსტინის საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა

Mandel Ngan/AFP via Getty Images

სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპსტინს საქმესთან დაკავშირებით 20 დეკემბერს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, კონგრესის ბრძანების საფუძველზე, შეზღუდული რაოდენობის რედაქტირებული ფაილები გამოაქვეყნა.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გავრცელებული ფაილები შეიცავს ისეთი ცნობადი სახეების სურათებს, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი (ყოფილი პრინცი ენდრიუ), რიჩარდ ბრენსონი და დონალდ ტრამპი. ამასთანავე, დოკუმენტებს შორისაა ფედერალური საგამოძიებო ბიუროსადმი (FBI) მიცემული ჩვენებებიც.

ჯეფრი ეპსტინი და გილეინ მაქსველი

19 დეკემბერს აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა განმარტა, რომ დეპარტამენტი ყველა მასალას ერთდროულად არ გაასაჯაროებდა და დაამატა, რომ დამატებითი ფაილები საჯარო "მომდევნო კვირების განმავლობაში" გახდება. 

ბლანშის მხრიდან "რამდენიმე ასობით ათასი" მასალის გამოქვეყნებაზე დისკუსიების მიუხედავად, პარასკევს გასაჯაროებული ფაილები მხოლოდ 4 101 დოკუმენტს მოიცავს, რაც, თავის მხრივ, 9 675 გვერდს აერთიანებს. აქედან 3 800 ფოტოსურათი ან ალბომია. 

გავრცელებულ ფაილებს შორისაა ბილ კლინტონის რამდენიმე სურათი, მათ შორის, ერთგან ის, როგორც ჩანს, ჯაკუზში იმყოფება. კიდევ ერთ სურათში კლინტონი საცურაო აუზში სახედაფარულ ქალთან და გილეინ მაქსველთან ერთად დაცურავს, რომელიც წარსულში ეპსტინის შეყვარებული იყო და ამჟამად ბავშვების სექსუალური ტრეფიკინგისთვის ციხეში 20-წლიან სასჯელს იხდის.

ბილ კლინტონი
ბილ კლინტონი და გილეინ მაქსველი სახედაფარულ ქალთან ერთად

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაილების გასაჯაროების შეფერხებას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკა მოჰყვა.

ამ ფონზე ნოემბერში კონგრესმა ორპარტიული გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტს ფაილების სრულად გამოქვეყნება უბრძანა და ამისთვის იუსტიციის მინისტრს, პემ ბონდის, 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა კონგრესმა დეპარტამენტს ნება დართო, არ გამოექვეყნებინა ისეთი ფაილები, რომელთა გასაჯაროებაც მიმდინარე ფედერალურ გამოძიებას ხელს შეუშლიდა ან ეროვნული უსაფრთხოების მხრივ რისკს შექმნიდა. ტრამპის ხელმოწერით კანონპროექტი ძალაში 19 ნოემბერს შევიდა, ხოლო დეპარტამენტისადმი მიცემული ვადა 19 დეკემბერს ამოიწურა. 

Financial Times-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ბლანშმა 19 დეკემბერს კონგრესმენებისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ მასალების გადამოწმებაში 200-ზე მეტი იურისტი იყო ჩართული. მისი თქმით, დეპარტამენტმა "1 200-ზე მეტი" პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც ან მსხვერპლთა შორის არიან, ან მათი ნათესავები არიან და შესაბამისად მათი სახელების რედაქტირება იქნება საჭირო. 

ბლანშმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტი მასალების გამოქვეყნებას ეტაპობრივად გააგრძელებს, ხოლო მასალების გადახედვის პროცესი, სავარაუდოდ, "მომდევნო ორი კვირის განმავლობაში" დასრულდება. 

ცნობისთვის, ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ეპსტინი ერთ დროს მისი მეგობარი იყო, თუმცა, მისი განმარტებით, თითქმის ორი ათწლეულის წინ ეპსტინთან დაპირისპირება მოუვიდა, ხოლო 2008 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის ეპსტინის გასამართლების შემდეგ ტრამპმა მისგან თავის შორს დაჭერა დაიწყო.

გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კონგრესმენებმა დაუთარიღებელი სურათები გამოაქვეყნეს, რომელთაგანაც ერთ-ერთში ტრამპი ეპსტინის გვერდით იდგა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ეპსტინს "ასობით და ასობით ადამიანთან" ჰქონდა სურათი გადაღებული. თეთრი სახლის სპიკერმა კი დემოკრატებს "ცრუ ნარატივის შექმნის" მიზნით სურათების შერჩევითად გამოქვეყნებაში დასდო ბრალი.

კომენტარები