ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

"ქოლ-ცენტრებზე" სიუჟეტებისთვის ლილუაშვილმა 2022 წელს ფორმულას და მთავარ არხს უჩივლა

პროკურატურამ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდზე წარუდგინა, მათ შორის არის ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობა. 

"2021-2023 წლებში, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო" - აცხადებს პროკურატურა.

როგორც ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე ქოლცენტრებზე საუბრისას თქვა, გამოძიება "ინტენსიურად მუშაობს" ვერსიაზე, რომ ლილუაშვილი "სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ".

შეგახსენებთ 2022 წელს მაშინდელმა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მთავარ არხს, ფორმულასა და ლევან ხაბეიშვილს უჩივლა, მის მიერ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობაზე მომზადებული სიუჟეტების გამო. ლილუაშვილი მათ ცილისწამებაში ადანაშაულებდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვდა. 

ლილუაშვილმა სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

"ტელეკომპანიების მთავარი არხისა და ფორმულას ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.

გავრცელებული სიუჟეტებით ქოლ-ცენტრებთან შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ მთავარი არხისა და ფორმულას ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების მთავარი არხისა და ფორმულას, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე". - წერდა ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილის 2022 წლის 10 თებერვალს, სასამართლო დავის დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 29 აპრილს ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს დაავალა, ორი კვირის ვადაში გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ საქმეზე ცილისწამება დადგინდა. 

აღნიშნულის შესახებ, დღეს, 23 დეკემბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა, თეო გილიგაშვილმა. 

"მთავარ არხზე რეპორტაჟი გავაკეთეთ, როგორ მფარველობს სუსი და ლილუაშვილი ქოლცენტრებს. ლილუაშვილმა გვიჩივლა. მაშინ პირველად დამიბარეს სასამართლოში ჩვენების მისაცემად.

თქვენი აზრით, როგორ დასრულდა ის პროცესი?

სწორია! წავაგეთ.

მთავარ არხს დაეკისრა სიმბოლური 1 ლარის გადახდა. მოსამართლემ დაგვადანაშაულა იმაში, რომ არ გვქონდა ლილუაშივლის პასუხი და გადაუმოწმებლად ვადანაშაულებდით სუსის უფროსს". - დაწერა გილიგაშვილმა. 

სასამართლო დავების შესახებ დაწერა GDI-ის ადვოკატმა მარი კაპანაძემაც, რომელიც სასამართლოში ფორმულას ინტერესებს იცავდა. 

კაპანაძის თქმით,  ლილუაშვილის სარჩელი "ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს (ე.წ. SLAPP-ებს) დაუდო საფუძველი".

"მაშინ ტელეკომპანია ფორმულას და მთავარს, ასევე ლევან ხაბეიშვილს მიადგა და დაობდა, ქოლ-ცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო. მართლმსაჯულების სისტემამ მაშინ წარმოუდგენელი სისწრაფე გამოიჩინა და სამივე ინსტაციაში საქმის განხილვა წელიწადსა და რამდნეიმე თვეში დასრულდა, რა თქმა უნდა ლილუაშვილის გამარჯვებით. მქონდა პატივი ამ საქმეზე ფორმულას ინტერესები დამეცვა სასამართლოში.

წესიერ ქვეყანაში, კეთილსინდისიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მაშინვე დაიწყებდნენ გამოძიებას მის მიმართ და არა პირიქით, ჟურნალისტების დევნას. მაგრამ რის ქვეყანა ვართ, ისე არ ატრიალოს ქოცმა სამართალი და მართლმსაჯულების სისტემა, როგორც უნდა. დღეს დავარცხნილი სახეებით გვაუწყებენ სენსაციას, რომლის გამოც წლების წინ მედიებსა და პოლიტიკოსებს დევნიდნენ. ამას ჰქვია მართლმსაჯულება ქოცურად.

მეტიც დღეს უტიფრად საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ქოლ-ცენტრებში უკანონოდ მოპოვებული ფულით კრიტიკული მედია ფინანსდებოდა და რომ მედია არ აშუქებდა ამ პრობლემას. ისტორიის გადაწერაც ასეთი უნდა, როცა გჭირდება მედიას გაშუქებისთვის უჩივლე, რამდენიმე წელიწადში კი დააბრალე რომ არ აშუქებდი და თან შეტენე, რომ სწორედ ის იღებდა დაფინანსებას ამ კრიმინალური სქემით. მე არ ვიცი ვინ უნდა ჭამოს ეს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ეს აჯაბსანდალი აუცილებლად შეუბრუნდება ყველა ქოცს, როგორც ეს ლილუაშვილს დაემართა". - წერს კაპანაძე.

სოციალურ ქსელში ასევე იძებნება ლილუაშვილის ადვოკატის მამუკა ღვინიაშვილის პოსტიც

"მოგებულია!" - დაწერა ღვინიაშვილმა პირველი ინსტანციის პროცესების დასრულების შემდეგ. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომაც.

"სააპელაციო საჩივარში მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის შეფასება გაკეთებული განცხადებების ფაქტებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი იყო ჟურნალისტის მოსაზრებები და დასკვნები, რაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობოდა და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. 

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების მოსაზრებები და მათი არგუმენტაცია და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

  • საყურადღებოა, რომ როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც დავის მიმდინარეობისას მსგავსი ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა, რაც მიგვანიშნებს, რომ ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ ერთგვარი ტენდენცია ყალიბდება, კერძოდ:
  • სააპელაციო სასამართლოშიც, მოსამართლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სუს-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, საქმე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, განიხილეს;
  • სასამართლომ ისევ არ მიიღო მხედველობაში, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომელიც განცხადების ცილისწამებლურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, არ დასტურდება ზიანი, რომელიც თითქოს გრიგოლ ლილუაშვილს მიადგა გავრცელებული განცხადებებით. ვერც ის დამტკიცდა, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ აშკარა და უხეში დაუდევრობით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც დაადგინა, ცილისწამების ფაქტი; 
  • მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მანიპულაციურ განმარტებებს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენდა, და როგორც ჩანს სასამართლომ ისინი გაიზიარა; 
  • სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია." - წერდა 2022 წლის 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), რომელიც სასამართლოში ფორმულას ინტერესებს იცავდა.

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს,  ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.

ასევე, საქმეა აღძრული ლილუაშვილის ახლობლის ბიჭიკო პაიკიძის წინააღმდეგაც

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს მას 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა.

პროკურორმა საქმის გახილვისას განაცხადა, რომ მიქაუტაძეს დაახლოებით ₾8 400 000-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

კომენტარები