რომეო მიქაუტაძე

დავადასტურებთ, დაახლოებით ₾8 400 000-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - პროკურორი მიქაუტაძეზე

ირაკლი მარშანია/რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას თქმით, დაადასტურებენ, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე "მონაწილეობდა კორუფციულ სქემებში და ჩაიდინა, დაახლოებით 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია" - პროკურორის კომენტარს გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"დაიკითხა მოწმე, რომელიც იყო რომეო მიქაუტაძის თანამშრომელი, მის დაქვემდებარებაში შედიოდა და ცალსახად დააფიქსირა ფურცელზე, რომ რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა აშკარა ინტერესი კონკრეტული კომპანიების მიმართ, მათ ლობირებდა. განაცხადა, რომ ყველამ იცოდა მის სამსახურში, რომ ეს კომპანიები იყო რომეო მიქაუტაძის. რომეო მიქაუტაძის ჩათვლით სულ დასაკითხია 117 პირი, ასევე წარვადგენთ წერილობით მტკიცებულებებს და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის, დაახლოებით 8 400 000 ლარის ლეგალიზაცია. მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ კომპანიები იყო რომეო მიქაუტაძის და აღქმა ჰქონდა იმისა, რომ რომეო მიქაუტაძეს აშკარა ინტერესი ჰქონდა ამ კომპანიების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ." - ამბობს ირაკლი მარშანია ipn-ის მიხედვით.


2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა.

30 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა.

მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედი TV-ს ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

ივანიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს რომეო მიქაუტაძის შესახებაც ამბობდა, რომ სუს მუშაობს, რათა "ნათელი მოეფინოს" როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.

კომენტარები