2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მიქაუტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა.
"განხორციელებული მოქმედება, დანაშაული აჩენს გონივრულ შიშს, რომ პირის მიერ შესაძლოა ხელახლა იყოს ჩადენილი ახალი დანაშაული, გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული, როგორც საჯარო მოხელე, სისტემატურად ჩადიოდა კორუფციულ ქმედებებს და იღებდა უკანონო შემოსავალს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას, აღნიშნული თავისთავად გულისხმობს ახალი დანაშაულის ჩადენასაც. შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ". - განაცხადა პროკურორმა დღევანდელ პროცესზე.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ადვოკატის განცხადებით, საქმეში მხოლოდ "რამდენიმე, საეჭვო ჩვენება არსებობს".
მ"ბატონი რომეო 2 დღით ადრე დაბრუნდა საქართველოში და მას რომ რამე სურვილი ჰქონოდა მიმალოდა გამოძიებას არ დაბრუნდებოდა, მას ესპანეთში არამარტო საცხოვრებელი, ცხოვრების [ბინადრობის] უფლებაც აქვს... რაც შეეხება მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლას, პირიქით, ბატონი რომეო მოწადინებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
[...]
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, მისი წარსული ცხადყოფს რომ ადამიანი არ არის ნასამართლევი, პირიქით, ღირსების ორდენის კავალერია იმ დამსახურებებისთვის, რაც მას საქართველოს წინაშე აქვს გაკეთებული. არანაირი კრიმინალი მის წარსულში არ არსებობს". - განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ მიქაუტაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა გამოიყენოს, თუმცა "თუ მაინც საჭიროდ ჩათვლის", მოსამართლეს 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვეს.
არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.
2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედის ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.





