საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს - მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება ბრალად.
საქმის ფარგლებში დამატებით ამოღებულია 4.2 მილიონ დოლარზე მეტი.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.
ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 2 904 900 აშშ დოლარი.
"აღნიშნულ საქმეზე ჩვენ მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
აღნიშნული ქმედებებით დაუსაბუთებელი ქონება ჩართო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განხორციელდა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავენ.
"საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით". - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.





