ტრამპის საგარეო პოლიტიკა

აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა მადუროს ოჯახსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ ტანკერებს

ნიკოლას მადურო
AP

11 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შეეხო ექვს გადაზიდვის კომპანიას, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ და ასევე ნედლი ნავთობის ექვს ტანკერს, რომლებიც "ჩართულნი არიან მატყუარა და სახიფათო გადაზიდვების პრაქტიკაში და აგრძელებენ ფინანსური რესურსების მიწოდებას, რაც მადუროს კორუმპირებულ ნარკოტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებს."

სანქციები შეეხო ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, დისშვილებსაც - ფრანკი და ეფრაინ ანტონიო კამპო ფლორესებს - რომლებიც 2015 წელს ჰაიტიში აშშ-ს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

2016 წელს ისინი მრავალ მილიონდოლარიანი კოკაინის გარიგების საქმეზე გაასამართლეს და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ ისინი გაათავისუფლა. სანქცირებულია მესამე დისშვილიც, რომელიც, აშშ-ს მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული.

ახალი სანქციები იმ ფონზე გამოაცხადა, როცა აშშ-ს კარიბის ზღვაში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საზღვაო ძალები ჰყავს მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი მადუროზე ზეწოლას ცდილობს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

მანამდე აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა, რომელიც ვენესუელიდან ირანში სანქცირებული ნავთობის გადასატანად გამოიყენებოდა.

აშშ-ს ქმედების პასუხად ვენესუელის მთავრობამ ამერიკა "ცალსახა ქურდობაში" დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას "საერთაშორისო მეკობრეობის აქტი" უწოდა. 

კომენტარები