პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოლონეთში დამატებითი ამერიკელი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ნავროცკისთან მისი "ურთიერთობიდან გამომდინარე," ამერიკა პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიდა.
"მე ვდგავარ და ვიდგები პოლონურ-ამერიკული ალიანსის დასაცავად, რაც თითოეული პოლონური ოჯახისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების სასიცოცხლო მნიშვნელობის სვეტია. კარგი ალიანსები ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას." – დაწერა ნავროცკიმ X-ზე.
"პოლონეთისა და პოლონელების უსაფრთხოება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია!" – დაამატა მან.
ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, პოლონეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნა ადასტურებს, რომ პოლონურ-ამერიკული კავშირები "ძალიან მტკიცეა, და რომ პოლონეთი სამაგალითო მოკავშირეა."
ტრამპის განცხადებამდე, 21 მაისს, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ს სამხედროების განლაგება დროებით გადაიდო.




