ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ვენესუელის სანაპიროსთან აშშ-მ სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა (VIDEO)

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკამ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.

"ჩვენ ახლახან ვენესუელის სანაპიროსთან ტანკერი დავაკავეთ, დიდი ტანკერი, ძალიან დიდი, ყველაზე დიდი, სინამდვილეში, და სხვა რაღაცებიც ხდება," თქვა ტრამპმა იმ ფონზე, როცა აშშ-ს კარიბის ზღვაში უჩვეულოდ დიდი ოდენობის საზღვაო ძალები ჰყავს მობილიზებული, ხოლო ტრამპი ზეწოლას ახდენს ნიკოლას მადუროზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

აშშ-ს ქმედების პასუხად ვენესუელის მთავრობამ ამერიკა "ცალსახა ქურდობაში" დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას "საერთაშორისო მეკობრეობის აქტი" უწოდა. 

ტრამპის განცხადების შემდეგ აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ X-ზე დაწერა, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI), ეროვნულმა უსაფრთხოებამ და სანაპირო დაცვამ, აშშ-ს არმიის მხარდაჭერით, ჩამორთმევის ორდერი აღასრულეს ნედლი ნავთობის ტანკერისთვის, რომელიც ვენესუელიდან ირანში სანქცირებული ნავთობის გადასატანად გამოიყენებოდა.

ბონდიმ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება ორი ვერტმფრენი გემს, რის შემდეგაც სამხედრო ფორმიანი შეიარაღებული პირები ხომალდის ბორტზე დაშვებას იწყებენ.

კომენტარები