რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულ პორტზე უკრაინის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა

უკრაინული დრონების შეტევა

5 დეკემბრის ღამეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტემრიუკის საზღვაო პორტზე, უკრაინამ დრონებით მიიტანა იერიში, რის შედეგადაც პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

შეტევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა, შემდგომ კი ინფორმაცია კრასნოდარის საოპერაციო შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაზიანების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში 8 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

ადგილობრივი მედიების ცნობით, ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრების ანალიზმა აჩვენა, რომ პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაზის ტერმინალი იწვოდა.

ტემრიუკის პორტი აზოვის ზღვის ტემრიუკის ყურეში მდებარეობს და ის სხვადასხვა ტიპის ტვირთების, მათ შორის, თხევადი გაზისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანი ჰაბია.

წინა დღით, 4 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სტავროპოლის მხარეში ნევინნომისკის აზოტის საწარმო დააზიანეს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ძირითადი კომპონენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, 5 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 137 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში, მათ შორის Gerbera-სა და შაჰედის ტიპის საფრენი აპარატებითაც.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თქმით, მათ 13 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად 57 რუსული დრონი შენიშნეს.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 მტრული შაჰედის, Gerbera-სა და სხვა ტიპის დრონები ჩამოაგდო.

კომენტარები