პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

ნავროცკიმ ორბანთან დაგეგმილი შეხვედრა, ორბანის მოსკოვში ვიზიტის გამო, გააუქმა

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი
REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიქტორ ორბანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. პოლონეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის ლიდერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ნავროცკის უნგრეთში ვიზიტი 3 დეკემბერს, ვიშეგრადის ჯგუფის სამიტის ფარგლებში იყო ჩანიშნული, თუმცა პუტინთან ორბანის კონტაქტის ფონზე, პრეზიდენტმა თავისი პროგრამა შეამცირა და ის ამჟამად მხოლოდ სამიტში მონაწილეობით შემოიფარგლება.

პოლონური მხარე აცხადებს, რომ ნავროცკი იმ პოლიტიკურ ხაზს აგრძელებს, რომელიც უკრაინის ომის დასრულების რეალური გზების ძიებასა და ევროპის ერთიან პოზიციას უსვამს ხაზს. პოლონეთის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროპული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, სადაც ერთიანი მოქმედება გადამწყვეტი ფაქტორია.

ნავროცკი სამიტზე ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ცენტრალური ევროპის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.  ოფიციალური ვარშავა ხაზს უსვამს, რომ ორბანის პუტინთან შეხვედრა, ამ კონტექსტში, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით პრობლემურია.

კომენტარები