პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და პოლონეთის საელჩოს 5 პირი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

РИА Новости-ს ცნობით, რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და საუბრის შემდეგ პოლონეთის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

23 აპრილს პოლონეთის ელჩი რუსეთში, კშიშტოფ კრაიევსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მისი ქვეყნის ქმედებები გააკრიტიკეს და მათ პროვოკაციული უწოდეს. ასევე აცნობეს პოლონეთის საელჩოს 5 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაც. 

"[ელჩს] ვუთხარით, რომ პოლონეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების პროვოკაციების საპასუხო ქმედებების ფარგლებში, ნაცვალგების პრინციპით, [რუსეთის საგარეო საქმეთა] სამინისტრომ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვების ბოლო ვადა 2021 წლის 15 მაისია" - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

მოსკოვის ეს ქმედება მოჰყვა ამავე თვეში, 15 აპრილს, პოლონეთში აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად სამი რუსი დიპლომატის გაძევებას

ამ მოვლენის პარალელურად, გრძელდება დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა ჩეხეთსა და რუსეთს შორის. 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა.

 

 

კომენტარები