ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას სამხედრო მეთაური მოკლა

Times of Israel

23 ნოემბერს ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საჰაერო იერიშის მიტანის შედეგად ლიკვიდირებულია ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო შტაბის უფროსი, ჰაითამ ალი ტაბატაბაი. დაჯგუფებამ მოგვიანებით მისი გარდაცვალება დაადასტურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადების შემდეგ, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ტაბატაბაი "დიდებული ჯიჰადისტი მეთაური" იყო, რომელმაც "თავისი სიცოცხლე წინააღმდეგობას მიუძღვნა" და იყო იმ "ლიდერებს შორის, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს" ტერორისტულ დაჯგუფებას. 

ჰეზბოლამ ასევე დაასახელა დაჯგუფების კიდევ ოთხი წევრი, რომლებიც იერიშს ემსხვერპლნენ, ხოლო ტერორისტების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ აღნიშნულმა იერიშმა "ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა".

ისრაელის არმიის მიხედვით, ტაბატაბაი "ვეტერანი და ტერორისტული ორგანიზაციის ცენტრალური წევრი" იყო მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში იგი ჰეზბოლას რიგებს შეუერთდა. წლების განმავლობაში მას არაერთი გავლენიანი თანამდებობა ეკავა, მათ შორის, ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაურის პოსტი და სირიაში ჰეზბოლას ოპერაციების ხელმძღვანელის როლიც.

IDF-ის თქმით, 2024 წლის ბოლოს, როდესაც ჰეზბოლას ხელმძღვანელობის უმეტესობა მოკლულ იქნა, ტაბატაბაი "ფაქტობრივად მსახურობდა, როგორც ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირი".

მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისრაელმა ლიბანის არმია გააფრთხილა, რომ უკმაყოფილონი არიან ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯებით და ასევე პირობა დადო, რომ დაბომბვის კამპანიას გააძლიერებს, თუკი ვითარება არ შეიცვლება. 

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანი გააფრთხილა, რომ გასულ წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ტერორისტულ დაჯგუფებას განიარაღებას ავალდებულებდა, ჰეზბოლა არსენალის აღდგენაზე მუშაობს.

გავრცელებული ცნობებით, ბოლო კვირებში ჰეზბოლამ სირიიდან ლიბანში ასობით რაკეტა შეიტანა, ისრაელთან ბრძოლისას დაზიანებული რაკეტის გამშვებები აღადგინა და ათასობით ახალი წევრი მიიღო. 

კომენტარები