20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.
ე.წ. "სამშვიდობო გეგმის" შესახებ პირველად გამოცემა Axios წერდა, ხოლო დოკუმენტი სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაასაჯაროვა.
23 ნოემბერს აშშ-ს სენატორებმა მაიკ რაუნდსმა და ანგუს კინგმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან საუბარში 28-პუნქტიან დოკუმენტს არა სამშვიდობო გეგმა, არამედ მოსკოვის "სურვილების სია" უწოდა.
"მდივანმა რუბიომ ამ შუადღით დაგვირეკა და ჩემი აზრით, მან მკაფიოდ გვითხრა, რომ ჩვენ ვართ მიმღებები წინადადების, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს წარმომადგენელს მიუტანეს. ეს არ არის ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენი სამშვიდობო გეგმა. ეს არის წინადადება, რომელიც მივიღეთ და როგორც შუამავალმა ჩვენ ის გავაზიარეთ და ის ჩვენ არ გაგვივრცელებია, ამის გაჟონვა მოხდა. ამის გასაჯაროება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა" - განაცხადა აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა Halifax-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე.
სენატორების განცხადების გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა:
"სამშვიდობო წინადადება აშშ-მ შეიმუშავა.
ის შეთავაზებულია, როგორც მყარი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის.
ის ეფუძნება რუსული მხარის უკუკავშირს, მაგრამ ასევე ეფუძნება წარსულ და მიმდინარე უკრაინულ ჩართულობასაც".
ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების ფონზე, საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა:
"კანადის და იაპონიის ლიდერებთან ერთად გამოვაცხადეთ მზადყოფნა, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნებოდა ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა იგი".
ამ წუთებში ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება, რომელსაც ევროპელი მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჟენევაში უკვე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".
21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.





