საქართველო-ევროკავშირი

მახაშვილი EU-ზე: საბავშვო ბაღია ის, რაც 21 ნოემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით ვნახეთ

საუბარია წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, რომ თავად საკუთარ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილება შეუზღუდონ. მაშინ, როცა ვხედავთ, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი როგორი დიდი ზარზეიმით უგებს წითელ ხალიჩას კაციჭამიებს და ტერორისტებს, ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია ბრიუსელის ასეთი განმარტება. რასაც ვხედავთ, არის საბავშვო ბაღი - საქართველო ვერ იქნება საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როცა მათი მხრიდან ასეთ საბავშვო ქმედებებს ვხედავთ. თუ მართლა არის დიალოგის მოლოდინი, ჩვენ მზად ვართ 21 ნოემბერს კი არა, 1-ელ დეკემბერს, ბრიუსელში კი არა საქართველოში ნებისმიერი ადგილი, დრო და საათი დაასახელონ - ნებისმიერ ადგილზე ჩავალთ. თუ არ შეუძლიათ ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ ქვეყანაში მიიღონ, სადაც მიიღებენ იქ ჩავალთ, თუ იქ არ უნდათ, აქ ჩამოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ დიალოგისთვის - დაახლოებით 6 თვე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ორი დღით ადრე ამ მაგიდის აყირავება არის პირდაპირი გზავნილი ბრიუსელისგან, რომ დღეს ისინი დიალოგისთვის მზად არიან.

საბავშვო ბაღია ის ქმედება და საქციელი, რაც ჩვენ 21 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვნახეთ.

ეს დელეგაცია არ მიდიოდა ესტონეთში და ლიეტუვაში. ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ, სადაც ამ დელეგაციას მიიღებდნენ. ეს არის საბაბი იმისა, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ, თორემ დღესაც მზად ვართ ნებისმიერ დროს და ადგილზე დიალოგისთვის. ჩვენც გვქონდა ლეგიტიმური კითხვები და გვინდოდა ევროკავშირის პოზიციების მოსმენაც. თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველომ საბავშვო ბაღის აღმზრდელის როლი ითამაშოს. ვერ ითამაშებს, საქართველოს სხვა გამოწვევები, ფუნქციები და ამოცანები აქვს. ჩვენ მზად ვართ კითხვებს პასუხი გავცეთ, თუ არ უნდათ, პასუხი მოისმინონ და რიგითი თანამშრომლიდან წაკითხული ტექსტი მოისმინონ, გავუგზავნით ამ წერილს. შეხვედრა სულ არ არის საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, რომ გაექცნენ დიალოგს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს რეალპოლიტიკის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

გამოცემის ცნობით, მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.

კომენტარები