რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიიარტო: უკრაინაში კორუფციის გამო ევროკავშირმა დაფინანსება უნდა შეაჩეროს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, კორუფციული სკანდალის გამო ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარება აღარ უნდა მიაწოდოს. 

"არსებობს ომის მაფია, კორუფციული სისტემა უკრაინაში და არის ევროკომისიის პრეზიდენტი. ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს გადარიცხვები, მას უნდა დამატებით 100 მილიარდის გაგზავნა უკრაინისთვის. ეს სიგიჟეა" – ამბობს სიიარტო ბრიუსელში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის წინ.

უნგრეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპული სამშვიდობო ფონდის €1.5-მილიონიან წილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაგივრად ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის. 

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

10 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს სახლში. უკრაინული მედიის ცნობით, ჰალუშჩენკო ქვეყნის ენერგოსფეროზე გავლენას ენერგეტიკის მოქმედი მინისტრის, სვეტლანა ჰრინჩუკისა და ამ უწყების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დახმარებით ინარჩუნებდა. 

12 ნოემბრის დილას უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ, НАБУ-ს გამოძიების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავე დღეს დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი, იჰორ მირონიუკი.

კომენტარები