13 ნოემბერს უკრაინის პრეიზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბიზნესმენ ოლექსანდრ ცუკერმანსა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორ ტიმურ მინდიჩს სანქციებს უწესებს.
ორივე მათგანი $100 მილიონის კორუფციულ სკანდალში იყო ჩართული, რომლის ცენტრშიც სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის კომპანია "ენერგოატომი" ფიგურირებდა.
პრემიერმინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა, რომ მთავრობამ სანქციების პროცესის ინიცირება უკვე დაიწყო.
"სპეციალურ სხდომაზე კაბინეტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთვის ტიმურ მინდიჩისა და ოლექსანდრ ცუკერმანის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე წინადადება წარადგინა," დაწერა სვირიდენკომ 12 ნოემბერს Facebook-ზე.
11 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) გამოაქვეყნა ეროვნული ატომური ენერგოგამომმუშავებელი კომპანია "ენერგოატომთან" დაკავშირებული გამოძიების მესამე ნაწილი. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.
НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.
სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც იუსტიციის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე - თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.
НАБУ-ს გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერს, იულია სვირიდენკოს, ჰალუშჩენკოსა და ენერგეტიკის მინისტრის სვეტლანა ჰრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლება დაავალა.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ქვეყანაში დღითიდღე მზარდი კორუფციის სკანდალის სრულ გამოძიებას.
10 ნოემბერს НАБУ-მ და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) განაცხადეს, რომ ენერგოსექტორში "მასშტაბური" მექრთამეობის შესახებ ჩატარებული 15-თვიანი გამოძიების ფარგლებში ხუთი პირი დააკავეს.
ამას გარდა, დეტექტივებმა განაცხადეს, რომ კორუფციულ სქებაში ჩართული იყო ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლექსი ჩერნიშოვიც, რომელიც შეთქმულებაში იდენტიფიცირებაც "ჩე გევარას" მეტსახელით მოხდა.
საგამოძიებო სააგენტოებმა ტელეგრამზე დაწერეს, რომ ფლობენ მტკიცებულებებს, რომელიც აჩვენბს, თუ როგორ გადაუგზავნეს კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ჩერნიშოვს $1.2 მილიონი და თითქმის €100 000 ფულადი სახით. სააგენტოების ცნობით, ყოფილ პრემიერს უკანონო გამდიდრების ეჭვზე ბრალდება უკვე წარუდგინეს.





