უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან "უმადურობის" შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა და სანქციებისთვის თავის არიდებაში რუსეთის დახმარებისთვისა და უკრაინის მიმართ "მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის" "მადლობა" გადაუხადა.
ტიხიმ ასევე დაამატა, რომ უკრაინა ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გულწრფელად უსურვებს, "მოქმედი ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის მიუხედავად".
ამის შესახებ ტიხიმ უკრაინულ მედიასთან, Європейська правда-სთან ილაპარაკა.
"მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის". - თქვა ტიხიმ.
მანამდე პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის ხელისუფლება "უმადურობაში" დაადანაშაულა და უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ "ღირსეული ხელისუფლება" ჰყავდეს.
- პაპუაშვილი: უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რომ ღირსეული ხელისუფლება ჰყავდეს
- უკრაინა აქტიურად მუშაობს სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე - პოდოლიაკი
ცნობისთვის, პოდოლიაკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ "სააკაშვილის უკრაინაში წამოყვანის საკითხზე, უკრაინა აქტიურად მუშაობს" და ეს მათი "დღისწესრიგის ნაწილია".





