გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვენესუელის საზღვრებს შიგნით სამხედრო ოპერაციისთვის ვარიანტები გააცნეს. ამის შესახებ CNN ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
CNN წერს, რომ ტრამპს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მომდევნო ნაბიჯი და განაგრძობს უფრო მასშტაბური კამპანიის წამოწყების შემთხვევაში რისკებისა და სარგებლის განხილვას.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მიუხედავადა იმისა, რომ 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტს ახალი ვარიანტები წარუდგინეს განსახილველად, შეხვედრამ არ მიანიშნა იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა ტრამპი გადაწყვეტილების მიღებასთან.
კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ბრიფინგზე განხილული ვარიანტები ჰგავდა ბოლო კვირებში პენტაგონის შიგნით და ზოგჯერ საჯაროდ განხილული შესაძლო ნაბიჯებს.
აშშ-ს გეგმებზე ინფორმირებულმა გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ სამიზნე ვარიანტები ნაწილია ოპერაცია "სამხრეთის შუბის". აღნიშნული ვარიანტები ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა წარადგინა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა და აშშ-ს არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა.
აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 14 ნოემბერს "ნარკოტერორისტების" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია "სამხრეთის შუბი" გამოაცხადა, რაც მისი თქმით, დაიცავს "სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომელიც ჩვენს ხალხს ხოცავს," თუმცა, ჰეგსეთს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
აშშ-ს ავიამზიდი USS Gerald R Ford, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალების თქმით, "მსოფლიოში ყველაზე უნარიანი, ადაპტირებადი და მომაკვდინებელი საბრძოლო პლატფორმაა", კარიბის ზღვაში ამ კვირაში ჩავიდა იმ ფონზე, როცა რეგიონში მიმდინარეობს აშშ-ს სამხედრო რესურსების მასშტაბური მობილიზება.
CNN-ის ცნობით, ტრამპს ვენესუელისთვის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს განსახილველად, მათ შორის, საჰაერო იერიშები სამხედრო ან სამთავრობო ობიექტებსა და ნარკოტრეფიკინგის მარშრუტებზე, ან მადუროს ლიკვიდირების უფრო პირდაპირი მცდელობა.
ამის მიუხედავად, CNN წერს, რომ ტრამპმა შესაძლოა, საერთოდ არ გადადგას რაიმე ნაბიჯი. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გასულ კვირაში კონგრესმენებს განუცხადეს, რომ აშშ-ს არ გააჩნდა სამართლებრივი გამართლება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ვენესუელაში სახმელეთო იერიშების მიტანა.
ამასთან, ტრამპმა CBS-ის "60 წუთს" ბოლო პერიოდში განუცხადა, რომ ვენესუელის საზღვრებს შიგნით იერიშებს არ განიხილავდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ხოლო 16 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების მხრივაც.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა. კარიბის ზღვის სიახლოვეს აშშ-მ თავი მოუყარა სხვა სამხედრო ხომალდებსაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში, რამდენიმე ხომალდი გაანადგურა, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ." - განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.





