გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ვენესუელის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ აშშ-სთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში მოითხოვა, რომ ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ მას საკუთარი ქონებიდან $200 მილიონი შეუნარჩუნდეს, მასთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებზე ამნისტია გავრცელდეს და მეგობრულ ქვეყანაში უსაფრთხო თავშესაფარი მიიღოს.
ორმა წყარომ დაადასტურა, რომ ვენესუელის ლიდერი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ $200 მილიონს მოითხოვს, სავარაუდოდ, აშშ-ს ხელისუფლების მიერ უკვე გაყინული თანხიდან. წყაროების თქმით, ეს მოთხოვნა ამერიკულ მხარესთან პრობლემური არ ყოფილა, თუმცა, მოლაპარაკებები გაართულა მადუროს მოთხოვნებმა, რომ მასთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებზე ამნისტია გავრცელდეს, ხოლო მისმა მთავარმა მოკავშირეებმა უხელმძღვანელონ გარდამავალ მთავრობას, რომელმაც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.
Telegraph-ის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნები მიუღებელი იყო ამერიკელი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების ქსელისგან შემდგარ "მზეთა კარტელის" (Cartel De Los Soles) დამხობას ცდილობენ, რაც ზოგადი ამნისტიის შემთხვევაში, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება.
ცნობისთვის, მადურომ 3 დეკემბერს დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს "დაახლოებით 10 დღის წინ" ელაპარაკა. მას შემდეგ აშშ-მ ვენესუელის მთავრობის წინააღმდეგ წნეხი გააძლიერა, ხოლო 2 დეკემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ვენესუელაში სახმელეთო იერიშების დაწყებასთან ახლოსაა. პარალელურად, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-მ კარიბის ზღვაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის სამხედრო გემები განალაგა.
ორ ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ინფორმირებულმა პირებმა გამოცემას უთხრეს, რომ გეგმა მადუროს მხრიდან ზოგადი ამნისტიის მოთხოვნის გამო ჩამოიშალა, რომელიც 100-მდე მოწინავე მაღალჩინოსანს მოიცავდა.
წყაროების ინფორმაციით, 15-წუთიანი ზარის დროს ტრამპი და მადურო ვერ შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის დანიშვნასა და ადგილზე, სადაც მადურო, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ვენესუელიდან გაიქცეოდა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპმა მას ჩინეთში ან რუსეთში გაქცევა შესთავაზა, თუმცა, მადურომ დასავლეთ ნახევარსფეროში, მაგალითად, კუბის მსგავს მეგობრულ ქვეყანაში, დარჩენა მოითხოვა. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერებმა შესაძლო კომპრომისული ქვეყნის ვარიანტად კატარიც განიხილეს.
Telegraph-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა მადუროს, ცოლთან და შვილთან ერთად, ამნისტია და ქვეყნიდან გაქცევის შანსი შესთავაზა, თუკი იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომის პირობას დადებდა.





