აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი დაგ ბურგამი კარაკასში ვენესუელის ლიდერს, დელსი როდრიგესს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მხარეები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ, ეს ვენესუელაში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მეორე ოფიციალური ვიზიტია.
შეხვედრის შემდეგ, რომელიც, მათ შორის, ვენესუელაში მინერალური წიაღისეულის მოპოვების განვითარებასაც ეხება, როდრიგესმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა, რომ "ვენესუელის პრეზიდენტი დელსი როდრიგესი შესანიშნავ საქმეს აკეთებს და კარგად მუშაობს აშშ-ს წარმომადგენლებთან."
"მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რათა მივესალმო და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს მისი პოსტისთვის, რომელიც მან ჩვენი ორი დელეგაციის შეხვედრის დროს გამოაქვეყნა და მან პოსტი გამოგვიგზავნა, რომელშიც მოგვილოცა და მიესალმა იმ სამუშაოსთვის, რასაც ვასრულებთ და აქ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, სამომავლოდაც ასე გაგრძელდება და გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს ურთიერთობაში." - თქვა როდრიგესმა.
5 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ვენესუელის დროებითი მთავრობა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
სახდეპის განცხადების მიხედვით, შეთანხმების მიზანია, ხელი შეეწყოს აშშ-სა და ვენესუელის "ერთობლივ ძალისხმევას, რათა წახალისდეს სტაბილურობა, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურ აღდგენასა და ვენესუელაში პოლიტიკური შერიგების პროცესი წინ წავიდეს."





