ბულგარული მედიის ცნობით, ბულგარეთის მთავრობა ამზადებს საკანონმდებლო შესწორებებს, რომლითაც ხელისუფლება ბურგასში ЛУКОЙЛ-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ჩამოართმევს და ახალ მფლობელზე გაყიდის.
ბულგარული მედიის მიერ ნანახი კანონპროექტის მიხედვით, ЛУКОЙЛ ქარხნის გაყიდვის საკითხში ხმის უფლებასა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას დაკარგავს.
ბულგარეთი, აშშ-ს მხრიდან რუსულ კომპანიებზე ЛУКОЙЛ-სა და РОСНЕФТЬ-ზე დაწესებული სანქციების ფონზე, სახელმწიფოს ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციებისგან დაცვას ცდილობს.
აღსანიშნავია, ბურგასში არსებული ობიექტი ქვეყნის 2/3-ზე მეტს ამარაგებს საწვავით.
ცნობისთვის, ბულგარეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა 2024 წლის მარტში სრულიად შეწყვიტა და ალტერნატიულ წყაროებზე გადავიდა.
მანამდე, რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების ფონზე, 3 ნოემბერს ჩინეთის მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, Sinopec-მა და PetroChina-მ ზოგიერთი რუსული ტვირთი გააუქმეს. ამასთან, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა Shandong Yulong Petrochemical-ის კომპანია შავ სიაში შეიყვანეს, უფრო მცირე ზომის კერძო ნავთობკომპანიები თავს იკავებენ რუსული ნავთობის შესყიდვისგან, რათა მსგავსი სანქციები თავიდან აირიდონ.
რუსეთზე დაწესებული სანქციები განსაკუთრებით შეეხო დიდად სასურველ ESPO-ს მარკის ნავთობს, რომლის ფასიც მკვეთრად დაეცა. საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის მონაცემებით, მყიდველების გაფიცვას გავლენა ჰქონდა რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის ჯამური იმპორტის თითქმის 45%-ზე, რაც დღეში 400 000 ბარელის ტოლფასია.





