აშშ-ს საჰაერო ძალებმა ქობინის გარეშე გამოცადეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III. ტესტირება არაა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული ბირთვული იარაღის გამოცდის ნაწილი.
რაკეტა კალიფორნიაში მდებარე ბაზიდან გაუშვეს. მისი სამიზნე დაახლოებით 6 700 კმ-ს დაშორებით მარშალის კუნძულების ტერიტორიაზე მდებარეობდა. მისია წარმატებით შესრულდა. გამოცდის ფარგლებში შემოწმდა სისტემის ამჟამინდელი სანდოობა, ოპერაციული მზადყოფნა და სიზუსტე.
აქამდე, 3 ნოემბერს გავრცელებულ ცნობაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გამოცდა 4 ნოემბერს ჩატარდებოდა, ეწერა, რომ "ტესტირება არის რუტინული და დაგეგმილი იყო რამდენიმე წლით ადრე".
გასულ თვეში რუსეთმა გამოცადა ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა და საჰაერო საბრძოლო დანადგარები, რომელთა ბირთვული ქობინებით შეიარაღებაცაა შესაძლებელი.
მცირე ხნის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ "დაუყოვნებლივ" დაიწყებდა ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების საპასუხოდ. Minuteman III-ის გამოცდა ამ პირობას არ უკავშირდება.
Minuteman III-ის სისტემის გამოცდა აშშ-ში პერიოდულად ტარდება. ეს ბალისტიკური რაკეტა, რომლის ბირთვული ქობინით აღჭურვაა შესაძლებელი, აშშ-ს შეიარაღებაში 1970-იანი წლებიდანაა და ქვეყნის ბირთვული შეიარაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.





