30 ოქტომბერს Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალი პერსპექტივების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოზეც ამახვილებს ყურადღებას და მასში დაგმობილია, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე "ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატური თავდასხმები".
რეზოლუცია "გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიაზე და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; [რეზოლუცია] გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა დემოკრატიული წესებისა და სტანდარტების დარღვევით, მაშასადამე, [ასამბლეა] არ აღიარებს ქართული ოცნების პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას." - წერია რეზოლუციის 23-ე პუნქტში.
Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში ასევე "მტკიცედ დაგმო" მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა, ისევე როგორც მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების "თვითნებური დაკავებებიც".
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი". რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების განზრახვა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ქვეყანაში ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც "საერთაშორისო საზოგადოების მყისიერ ქმედებას საჭიროებს".
ამასთან, Euronest-ის რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს საქართველოს ავტორიტარულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის მიზანმიმართული შეჩერებით.
"ქართული ოცნება სრულადაა პასუხისმგებელი ნებისმიერ შედეგზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას მოჰყვება." - ხაზგასმულია რეზოლუციაში.





