ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატმა, შოთა მანელიძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას თქვა, რომ კაკაბაძის წინააღმდეგ გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მორიგი გამოკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დაბარებული კაკაბაძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ბატონი ზურა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მასაც უამრავი სამართლებრივი არგუმენტი გააჩნია. რაც შეეხება ოფიციალურად გამოკითხვის თემას, ეს სურვილი ჯერჯერობით ბრალდების მხარის მხრიდან არ გამოხატულა და ჩვენება არ მიგვიცია.
ორწლიანი გამოძიების პერიოდში ბატონი ზურა რამდენჯერმე დაიბარეს გამოკითხვაზე, ის ყოველი გამოძახებისას მითითებულ დროს ცხადდებოდა.
საოცარია ის შემთხვევა, რაც გუშინ მოხდა. ბრალდების მხარემ მორიგ ჯერზე დაიბარა ჩემი მარწმუნებელი და დაახვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 17 ოქტომბერს გაცემული განჩინება მისი დაკავების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოულოდნელი და შეუსაბამოა იმ მდგომარეობის, რასაც ზურაბ კაკაბაძე გამოხატავდა. ის მუდმივად გამოხატავდა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გენერალურ პროკურატურაში მოხდა და შემდეგ უკვე ბრალდების წარდგენა". - უთხრა ინტერპრესნიუსს ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლევან სალუქვაძის განცხადებით, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი, რომლის მისაკუთრებასაც ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს ედავებიან, ფედერასციის იმ პერიოდის ბიუჯეტის, დაახლოებით, 40-50%-ია.
სალუქვაძის თქმით, ფედერაციაში აუდიტო ახალმა ხელმძღვანელობამ მიიყვანა, რომლის დასკვნის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.





