ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლევან სალუქვაძის განცხადებით, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი, რომლის მისაკუთრებასაც ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს ედავებიან, ფედერასციის იმ პერიოდის ბიუჯეტის, დაახლოებით, 40-50%-ია.
სალუქვაძის თქმით, ფედერაციაში აუდიტო ახალმა ხელმძღვანელობამ მიიყვანა, რომლის დასკვნის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველა დეტალი უცნობია. თუმცა როდესაც ჩვენ მოვედით ფედერაციაში ჩვენი გუნდით, ვახტანგ მეიფარიანი როდესაც აირჩიეს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, შესაბამისად, შემოვიყვანეთ აუდიტი, მერე კერძოს მოყვა სახელმწიფო აუდიტი, შემდეგ სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტი და მათი საბუთების საფუძველზე დაინტერესდა პროკურატურა, აღიძრა საქმე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია.
იყვნენ მოსული შესაბამისი ორგანოებიდან ფედერაციაში, გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვეს და წაიღეს. ნახევარი მილიონი, ალბათ, ნებისმიერი ფედერაციისთვის დიდი დანაკარგია. [...] იმ პერიოდის [ბიუჯეტის], დაახლოებით, 40-50%-ია, ზუსტად ვერ გეტყვით" - ამბობს ლევან სალუქვაძე.
პროკურატურამ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბ კაკაბაძე 22 ოქტომბერს დააკავა. მას 2019-2021 წლებში ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მისაკუთრებას ედავებიან.





