17 ოქტომბერს დაკავებული აქციების მონაწილის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან. ადვოკატის თქმით, ამის შესახებ მას მეყანწიშვილმა უთრხა, ის ბრალის დადგენილებას ჯერ არ გაცნობია.
როგორც მეყანწიშვილის ადვოკატმა, იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სავარაუდოდ, ქურთუკით ამოიცნეს, რომელიც ვიდეოკადრში ჩანს.
"დაიწყეს სახლის ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავის ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი, როგორც თვითონ განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა. [...]
როგორც თვითონ მარიამს განუმარტეს დაკავებისას, ეს არის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, ეს არის სრულიად სრულიად სხვა მუხლი, რაც განსხვავდება უკვე დაკავებული პირებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წაყენებული მუხლებისგან. [...]
4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. [...]
აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაზუმებული ქურთუკი, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი სახლში. ბუნებრივია მან ამოიცნო ქურთუკი თვითონ რაც ეცვა". - ამბობს მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია.
ადვოკატის თქმით, მასალაში დანაშაულის ამსახველი კადრები არ იყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი გულისხმობს "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას. კოდექსის თანახმად, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.





