აქტივისტების ცნობით, საპროტესტო აქციების 5 მონაწილე დააკავეს - მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, დავით გიუნაშვილი და გიორგი ტალახაძე. საქმე სავარაუდოდ 4 ოქტომბერს ეხება.
"როგორ ვიქცევით სახლში 7 სპეცრაზმელის შემოვარდნისა და სამი წლის ბავშვის თვალწინ მამის დაკავების დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იდგა, თან ძალიან მოშორებით ეპიცენტრიდან" - წერს დავით ღურწკაიას და, თამარ ღურწკაია.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის FB-გვერდზე LIVE-ში მოქალაქე ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი სიმონ მახარაძეც დააკავეს. მისივე ცნობით," 4 ოქტომბრის საქმეზე სახლი ააწიოკეს, ჩემი ბიძაშვილი შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს, ვითომ პოლიციელს დაარტყი ხელიო".
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. აქამდე, 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში აქციების 46 მონაწილე იყო დაკავებული.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ჯერ არც ბრიფინგია ჩანიშნული. ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.





