ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ათი ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს.
"ესტონეთმა, ისლანდიამ, დანიამ, ლიტვამ, ლატვიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ნიდერლანდებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენისადმი.
ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოს სხვადასხვა მხარესთან ურთიერთობაში და მის მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებების მიმართ, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მიმართულებით.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მანდატს სამხრეთ კავკასიაში" - წერს ცაჰკნა X-ზე.
ცნობისთვის, შსს-მ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის "უკანონოდ გადაკეტვისთვის" დააჯარიმა - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.
15 ოქტომბერს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა.





