ელინა ვალტონენი

ვალტონენი: პრემიერო კობახიძევ, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძეს მიმართა.

"პრემიერმინისტრო ირაკლი კობახიძევ, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს თითოეულ მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა ამ უფლებით სარგებლობა შეძლოს, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არჩევანის გასაკეთებლად პოლიტიკური ალტერნატივების არსებობით". – წერს ვალტონენი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰყავს ჰელსინკის შეთანხმებიდან ორი პუნქტი:

  • შეთანხმების ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს;
  • ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის ღირსების გრძნობას ეფუძნება და დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოებების განვითარების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ;

"გეპატიჟებით ფინეთში, რომ შეხვდეთ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დაესწროთ ნებისმიერ დემონსტრაციას.

P.S. ვწუხვარ, რომ გრაფიკებს შორის დამთხვევების გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია". – ასრულებს მიმართვას ვალტონენი.

კომენტარები