ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ეუთოს თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლას ეხმაურება.
"ეს "მხარდაჭერა" არ არის. ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. როგორ შეიძლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცოდეს, რომ მინისტრს არ შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტის მსგავსად მოიქცეს?". - წერს ულიანოვი X-ზე.
ცნობისთვის, შსს-მ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის "უკანონოდ გადაკეტვისთვის" დააჯარიმა - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.
15 ოქტომბერს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა.





