თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 3 პირს - ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ია დარახველიძეს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
პროკურატურა თავდაპირველად ია დარახველიძესთვისაც პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას აქვს ეპილეფსია.
ია დარახველიძეს საპატიმრო გირაოს თანხა, 10 000 ლარი, მოქალაქეებმა უკვე შეუგროვეს.
ავთანდილ სურმანიძეს და ია დარახველიძეს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს კი ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





