4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა. ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს.
კობა ეპიტაშვილსა და საბა კორძაიას ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 225-ე მუხლის, მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილსა და გიორგი კირვალიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის, მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე 225-ე მუხლის , მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნანა სანდერს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკურად დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.
შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ წესრიგის აღსადგენად ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნული დანაშაულის ქმედების ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი, იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედების ორგანიზებასა და ძალადობისაკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად საჭირო ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცველების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისათვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით.
იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებულთა და მსჯავრდებულების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულებების შენობების საჯარო მოხელეებისგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის აგნარიშსწორება". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 13-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ამ დროისთვის 36 ადამიანია დაკავებული.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





