პარტია სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ TV იმედმა მის შესახებ ტყუილი გაავრცელა.
"ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე იმედს გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.
არანაირი კომუნიკაცია იმედთან და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.
4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.
ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!
ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე.
მალე გავიმარჯვებთ!" - წერს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, TV იმედი წერდა, რომ "ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დაკავებული პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აქციაზე გიორგი ვაშაძის მოწოდების შედეგად მივიდა".
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს.
დაკავებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა 7 ოქტომბერს შეეფარდათ.
4 ოქტომბრის დილით პაატა ბურჭულაძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ 5 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში თავად, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე იყვნენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





