ნადირაძეს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს და ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მათ ბრალი 6 ოქტომბერს წარუდგინა.
წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურტურის განცხადებით, ბურჭულაძეს, ზოდელავას და ნადირაძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.
იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ.
აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. [...]
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით". - ნათქვამია განცხადებაში.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს.
4 ოქტომბრის დილით პაატა ბურჭულაძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ 5 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში თავად, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე იყვნენ.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში აქციის 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.
დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.





