4 ოქტომბერი

სანიკიძე: მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორებმა განმარტონ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას თქვა, რომ აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც ღიად საუბრობენ ღალატის შესახებ, მეტი განმარტება უნდა გააკეთონ იმის შესახებ თუ რა მოხდა, "ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები".

"4 ოქტომბერს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი იყო. მინიმუმი იყო - ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, ივანიშვილისთვის ვითარების რაღაც შირმის შექმნის საშუალება არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ქართველი ხალხი სტატუს-კვოს შეეგუა. რაც შეეხება მეორე გეგმას, ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას, მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მეტი განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები". - თქვა სანიკიძემ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

ინფორმაციისთვის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ 4 ოქტომრბის აქციის შესახებ TV პირველის ეთერში საუბრისას თქვა, რომ "შიგნით იყო დიდი ღალატი" და ათონელზე რაც მოხდა, არ იყო გეგმის ნაწილი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

კომენტარები